„ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ ბანერებთან დაკავშირებით „მთავარი არხი”, „ფორმულა” და „ტვ პირველი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მოსალოდნელი მძიმე ჯარიმებისა, კრიტიკული არხები არ აპირებენ ხელი შეუწყონ „ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას.
მათი თქმით, ისინი უარს ამბობენ „ამორალური” ბანერების ეთერში გაშვებაზე, რომლებიც „ქართულ ოცნებას” ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.
„ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.
ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე – ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია „ქართული ოცნების” ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოებს იყენებს.
„ოცნების” ბანერზე ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებდა. დაიღუპა ასობით მათგანი, მათ შორის, ბავშვები. რუსეთმა თეატრი დაბომბა, მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორ მხარეს, ასფალტზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა – „ბავშვები“.
ბანერის მეორე მხარეს ჩანს სენაკის თეატრის შენობა. „ქართული ოცნების” სხვა ბანერზე ვხედავთ რუსეთის მიერ დაბომბილ ტაძარს უკრაინაში, მეორე მხარეს კი – სამების ტაძარს.