არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება „მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს”.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს.
სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია – კონსტიტუციის დაცვა.
ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისთვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო ინსტიტუტებში, და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
- განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC)
- დემოკრატიის მცველები
- ევროპის ფონდი
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
- თბილისი პრაიდი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- მედიის განვითარების ფონდი
- მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი
- მწვანე ალტერნატივა
- მწვანე სექტორი
- მხარდაჭერისა და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- პრევენცია პროგრესისთვის
- რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
- საეა იმერეთის წარმომადგენლობა
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
- საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” – RICDOG
- სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
- საორსა
- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- საქართველოს მედია-კლუბი
- საქართველოს მომავლის აკადემია
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- საქართველოს სასოფლო დარბაზი
- სოლიდარობის თემი
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- უფლებები საქართველო
- ფემინა
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- ყვარლის ევროკლუბი
- შშმ ქალთა ალიანსი
- ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-GCRT
- BelGeo Fusion
- EUROBRIDGE
- ForSet
- GrlzWave
- Populus Rei
- ProActive Group Georgia
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო.
არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის შეჩერებასთან მიმართებით განსხვავებული აზრი დააფიქსირეს მოსამართლეებმა გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
ევა გოცირიძეს განსხვავებული აზრი ჰქონდა კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, სადავო მუხლების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არსებითი განხილვის დაწყების ნაწილში.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე განმწესრიგებელი ბოლო სხდომა 31 აგვისტოს გამართა.
სამდღიანი განხილვის შემდეგ პლენუმმა იმსჯელა, მიიღებს თუ არა წარმოებაში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს და დაიწყებს თუ არა არსებით განხილვებს; ასევე, შეჩერდება თუ არა რუსული კანონის მოქმედება საკონსტიტუციო განხილვების დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სასამართლომ მოუსმინა მოსარჩელეებს – არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, მედიებისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ასევე მათ მოპასუხეებს – პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწვეულ ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს, რომელმაც იმ კვლევის ძირითადი შედეგები წარმოადგინა, რომელიც ლინგვისტებმა კანონის შესახებ ჩაატარეს. მან განმარტებები კანონში გამოყენებულ ტერმინებთან დაკავშირებით გააკეთა.