კალაძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახი კალაძე გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციაზეც ამბობს, რომ არაფრის ფასი არ აქვს. ის ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებენ, რომ ქვეყანაში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო.

რეზოლუციით გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესს, თუმცა მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ „ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს“. რეზოლუციის პროექტში ასევე მოითხოვენ, რომ არ იყოს პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესში, სანამ ძალაშია რუსული კანონი.

„ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს. რეალობა არის ერთი – საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელების გადაგრეხის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს“, – თქვა კალაძემ.

კალაძის შეფასებით, „ერთი რამ სასიხარულოა, რომ სანქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაშიც უკვე ოფიციალურად დაწერეს, მოვუწოდებთ, რომ შევუერთდეთ სანქციებსო“. მისივე მტკიცებით, სანქციებთან მიერთების მოთხოვნის მოტივი საქართველოს ხელისუფლების დაზიანება იყო.

„სანქციებს რომ მივერთებოდით, ვინ დაზიანდებოდა ამით? დაზიანდებოდა ჩვეულებრივი მოქალაქე, გლეხი, მცირე და საშუალო ბიზნესი, გაგვიუბედურდებოდა ეკონომიკა. რუსეთს ამით ჩვენ ვერაფერს დავაკლებდით და მოტივი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება დაეზიანებინათ. ჩვენ ხალხმა რატომ აგვირჩია? – იმიტომ, რომ ვატარებთ პროქართულ, პრაგმატულ პოლიტიკას და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესს ვიცავთ. ხალხი იმიტომ გირჩევს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკა გაატარო, თორემ იარაღის აღებას რა უნდა? ეს ყველაზე მარტივია, აიღო იარაღი და იომო, მაგრამ სულელი ხომ არ უნდა იყო?! – მიზანიც ეს იყო, რომ თუ მივიღებდით არასწორ გადაწყვეტილებას და გავაუბედურებდით ხალხს, ხალხი ისევ ჩვენ მოგვადგებოდა და ლეგიტიმური უფლებაც ექნებოდათ“, – თქვა კალაძემ.