პოლიტიკოსი გივი თარგამაძე ეხმაურება პროკურატურის მიერ დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ერთი ტერაქტით სურთ ორ არჩევნებზე ზემოქმედების გაწევა.
პროკურორმა თქვა, რომ აფეთქებამდე თარგამაძეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დავალებით უთვალთვალებდნენ. თარგამაძე „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ პროკურატურამ მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ვერსია დაადასტურა, რითიც დასტურდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი სიმამრიც მონაწილეობდნენ საქმეში.
„ცინიზმია, რომ ერთი ტერაქტით უნდათ ორ არჩევნებზე ზემოქმედების გაწევა. ასე არ გამოვა. რასაც მე ვედავებოდი, კონკრეტული პირების მონაწილეობა ჩემს საქმეში და ისინი უარყოფდნენ, ეს დაადასტურეს, ანუ, თურმე მე რასაც ვამბობდი, რომ ჭიჭიაშვილი, აბრამიშვილი და ეს ყველანი მონაწილეობდნენ აქ და ისინი იძახდნენ რომ არა. დღეს თქვეს რომ კი, თურმე მონაწილეობდნენ ნამდვილად.
ამის დადასტურებით მათ დამიდასტურეს, რომ ღარიბაშვილი, მისი სიმამრი თამაზაშვილი, ამაში მონაწილეობდნენ, იმიტომ რომ თამაზაშვილი იყო შევარდნაძის დროიდან დაწყებული ზედა მეთვალყურე ამ ბანდიტური ჯგუფის და მეკავშირე, ეგ იყო ყოველთვის. მუშაობდნენ რუსებზე, ამიტომ რუსების მონაწილეობაც ჩემზე თავდასხმაში ჩემთვის ნათელია სრულებით“, – ამბობს თარგამაძე.
2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. 8 ოქტომბერს დანიშნული იყო საქართველოს საპარლამენტო არჩევნები.
თარგამაძე სიკვდილს გადაურჩა. ის გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებდა. მისი თქმით, აფეთქება ერთობლივად დაგეგმეს ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა.
დარჩო ხეჩუაშვილი, რომელსაც 18-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად 2019 წელს მიესაჯა, შსს-მ 2024 წლის 19 სექტემბერს დააკავა „საზღვარზე მაშინ, როცა ქვეყანაში შემოდიოდა”. რა ინფორმაცია მიაწოდა მან პროკურატურას იხილეთ აქ.