ზურაბიშვილი: მივიჩნევ, რომ ტექნიკური მთავრობა არჩევნებამდე უნდა წარვადგინო

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აპირებს წარადგინოს ტექნიკური მთავრობა და ის მიიჩნევს, რომ ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან გამართულ კონსულტაციებზე და თქვა, რომ დროა პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად ბოლომდე არიან „ქართული ქარტიის“ არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი არამედ მისი თითოეული სიტყვის.

„მე ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა. […] რადგან საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ პოლიტიკოსებმა ისევ გადაინაწილონ მანდატები და მთავრობა შექმნან, ამ ეტაპზე, ამ გარდამავალ ეტაპზე და შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ აღმასრულებელი მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ რაღაც თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ ანუ ევროპის კარებთან“, – თქვა ზურაბიშვილმა.

 

მისი განცხადებით, საზოგადოებამ არჩევნებამდე, 26 ოქტომბრამდე, უნდა იცოდეს, ვინ იქნება ამა თუ იმ თანამდებობაზე.

 

„ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და მე ვთვლი, რადგან ჩემი წარსადგენია, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს სწორედ ამ მთავრობას, პარლამენტის კონტროლის ქვეშ ცხადია, პოლიტიკური პარტიების კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე. […] მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არა, ვინც არ ეთანხმება, შეუძლიათ წაიღონ უკან ხელმოწერა, საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან“, – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა გასული კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელს აწერენ „ქართულ ქარტიას“. ყველა ოპოზიციონერმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე.