„კოალიცია ცვლილებისთვის“: მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას

პუბლიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ეხმაურება პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახლებეს და ამბობს, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერს.
„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია “ქართულ ქარტიასთან”. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ მის დღევანდელ ინიციატივას“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ დროა პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად ბოლომდე არიან „ქართული ქარტიის“ არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი, არამედ მისი თითოეული სიტყვის.
„მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არა, ვინც არ ეთანხმება, შეუძლიათ წაიღონ უკან ხელმოწერა, საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან“, – თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა გასული კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელს აწერენ „ქართულ ქარტიას“. ყველა ოპოზიციონერმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საზოგადოებამ არჩევნებამდე, 26 ოქტომბრამდე, უნდა იცოდეს, ვინ იქნება ამა თუ იმ თანამდებობაზე.