ქარტიის ერთგული ვართ, შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას - ბოკუჩავა ტექნიკურ მთავრობაზე

პუბლიკა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს.

ბოკუჩავა ამბობს, რომ კოალიცია ქართული ქარტიის ერთგულია.

„ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის სახელით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი ქართული ქარტიისა, რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაატაროს, ჩვენ ერთგული ვართ ქართული ქარტიის და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ჩვენ არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი განაცხადა, რომ აპირებს წარადგინოს ტექნიკური მთავრობა და ის მიიჩნევს, რომ ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ დროა პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად ბოლომდე არიან „ქართული ქარტიის“ არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი არამედ მისი თითოეული სიტყვის.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ გუშინვე გამოეხმაურა  პრეზიდენტის  განცხადებას და პასუხად ამბობენ, რომ კოალიცია ამ ინიციატივას მხარს უჭერს.