პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ არც „ქართული ოცნების“ მთავრობა ჩამოყალიბდეს მხოლოდ და არც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა. აი, ამის გამო დავუშვით ჩვენ ის კომპრომისი, რომელი კომპრომისიც დავუშვით და ქარტიას ამის გამო მოვაწერეთ ხელი. ამიტომ დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება და როგორ იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი, დიდი იმედი გვაქვს, რომ რის გამოც კომპრომისი დავუშვით აი, ამას ვიხილავთ პრაქტიკაში – არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი….
არ ვიცი, რას გამოიწვევს არჩევნებამდე პრეზიდენტის მიერ კანდიდატების დასახელება, თუ ეს გამოიწვევს საარჩევნო პროცესის თავდაყირა დაყენებას, კომუნიკაციის შეფერხებას მოქალაქეებთან და ასევე, გამოიწვევს პარტიების სხვა საკითხებით დაკავებას, მაშინ როცა დარჩენილ ორ კვირაში, ჩვენ არჩევნებს უნდა ვიცავდეთ, მოქალაქეებთან კომუნიკაციაში უნდა ვიყოთ და „ოცნებისგან“ თავი გვაქვს დასაცავი და მარტივად კამპანიას ვერ ვატარებთ, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას გაითვალისწინებს იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი განაცხადა, რომ აპირებს წარადგინოს ტექნიკური მთავრობა და ის მიიჩნევს, რომ ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ დროა პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად ბოლომდე არიან „ქართული ქარტიის“ არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი არამედ მისი თითოეული სიტყვის.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ გუშინვე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას და პასუხად ამბობენ, რომ კოალიცია ამ ინიციატივას მხარს უჭერს.
ინიციატივას გამოეხმაურა ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც. ის ამბობს, რომ კოალიცია „ქართული ქარტიის ერთგულია.“