ენმ-ის წევრი: „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ჩემი სახელით ყალბი ანგარიში და დაწერეს, თითქოს ვგულშემატკივრობდი უკრაინის ნაკრებს

პუბლიკა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ხომერიკის თქმით, მისი სახელით ყალბი პროფილი შექმნეს და ერთ-ერთ გვერდზე დააკომენტარეს, თითქოს უკრაინის ნაკრებს გულშემატკივრობდა.

„გუშინ, საინფორმაციო საშუალებებმა – იმედმა და პრაიმ ტაიმმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, თითქოს და მე, დათო ხომერიკმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე დავტოვე კომენტარი, სადაც აღვნიშნავდი, რომ ვგულშემატკივრობდი უკრაინის ნაკრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.

აღნიშნული გვერდი შექმნილია ქართული ოცნების მიერ და ფეიქ ექაუნთიდან დაწერეს აღნიშნული კომენტარი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც მე ფეისბუქის გვერდზე ავტვირთე. მე, დათო ხომერიკი ვერასდროს ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრების მეტოქეს და ჩვენს ბიჭებს ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს”, – განაცხადა დათო ხომერიკმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.