ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ თრუსოს და გუდაურის ხეობები „სამხრეთ ოსეთის” ნაწილია.
ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ოსი ძმებისთვის ბოდიშის მოხდის” შესახებ.
„მე გამიხარდა ივანიშვილის განცხადება. ვიფიქრე, რომ არიან ის პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან, შეხვდნენ რუსეთს. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს „ძალის გამოუყენებლობაზე” არც სამხრეთ ოსეთთან და არც აფხაზეთთან.
ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, ოღონდ სანამ მაგიდასთან დავსხდებით, მოდი, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს.
ჩვენ გვაქვს პრეტენზია და სერიოზული კითხვები გვაქვს თრუსოსა და გუდაურის ხეობებთან, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია. ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც უბრალოდ მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე”, – თქვა კოკოითმა „ეხო კავკაზასთან”.
ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას 17 სექტემბერსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”.
რაც შეეხება თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას – საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
თუმცა რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას.