შრომის საკითხები - რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს

პუბლიკა

დაბალი ანაზღაურება, რთული სამუშაო პირობები და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი – ქართულ შრომის ბაზარზე დღემდე არაერთი მწვავე და პრობლემური საკითხია. შრომის კანონმდებლობის რეფორმისა და გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება.

ქვეყანაში არც გაფიცვებია იშვიათი მოვლენა – როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, 2021-2023 მშრომელთა გაფიცვების დინამიკა  ცხადყოფს, რომ დასაქმებულები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესების, პანდემიის გავლენისა და ინფლაციის შედეგად იძულებულნი ხდებიან, შრომის ანაზღაურებისა და პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცონ. გაფიცვებისა და მოლაპარაკებების პრაქტიკა კი ასახავს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის დიალოგისა და ნდობის ნაკლებობას, ასევე შრომის კანონმდებლობის სუსტ აღსრულებასა და მონიტორინგს.

ბოლო წლებში ნიშანდობლივი იყო პლატფორმულ შრომაში ჩართულთა პროტესტიც (საუბარია  ციფრული აპლიკაციების გამოყენებით არასტანდარტულ, არაფორმალურ შრომაში დასაქმებულებზე). მათი მოთხოვნები მოიცავს დასაქმებულის სტატუსის აღიარების სურვილს, რათა შეეძლოთ, ისარგებლონ შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სარგებლით, როგორიც არის შვებულება, ბიულეტენი, დეკრეტი, ზეგანაკვეთური ანაზღაურება და სხვ.

სამუშაო ადგილზე მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დარგის სპეციალისტები შრომის ინსპექციის მეტ ხელმისაწვდომობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე, ტრადიციულად, ყველაზე დიდი გამოწვევებია (NDI, 2023. SAVANTA, 2024).

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მეოთხედი (22%) ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის დაბალ ხელფასს ასახელებს.

„პუბლიკა“ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ პარტიათა ხედვას სხვადასხვა სოციალურ საკითხზე. პირველი სტატიის თემა შრომის საკითხები იქნება.

სტატიაში შემოგთავაზებთ იმ პარტიებისა თუ კოალიციების თვალთახედვას, რომელთაც ოქტომბერში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვთ. საორიენტაციოდ გამოყენებული იყო Edison Research-ის კვლევის შედეგები. ესენია:

  • „ქართული ოცნება“;
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ („ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“)
  • „ძლიერი საქართველო“ („ლელო“, „ხალხისთვის“, „მოქალაქეები“, „თავისუფლების მოედანი“);
  • „გახარია საქართველოსთვის“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ („დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „აქტივისტები მომავლისთვის“ – ოქტაი ქაზუმოვი, „რესპუბლიკური პარტია“ – ხათუნა სამნიძე);

სტატიაზე მუშაობის პერიოდში შერჩეული სუბიექტებიდან მხოლოდ სამისგან მივიღეთ პასუხი. ესენი არიან: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ ქართული ოცნება“. „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, პასუხი არ გაუციათ. კოალიციის ხედვა მათ მიერ მომზადებული პროგრამიდან თემატურად არის ამორჩეული. „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ პროგრამის გამოქვეყნებამდე არ სურდათ ამ თემაზე საუბარი, პროგრამა კი ჯერჯერობით არ დაუდიათ.

ამდენად, „პუბლიკა“ გთავაზობთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ხედვებს შრომით საკითხებზე.

კერძოდ, შეკითხვა ამგვარი ფორმულირებით მიიღეს:  რას სთავაზობს თქვენი პარტია/კოალიცია ამომრჩეველს სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და დასაქმებულთა კეთილდღეობის  კუთხით? (სახელფასო პოლიტიკა, ღირსეული შრომის პირობები, შრომის უსაფრთხოება და ა.შ.) როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხებზე და თუ გაქვთ კონკრეტული ინიციატივები?

„კოალიცია ცვლილებისთვის

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ამბობს, რომ იზიარებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს ღირსეული შრომითი პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. კოალიციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ამ ძირითადი პრინციპების გათვალისწინება, რაც ისედაც საკმარისად მკაცრია და ამიტომ დამატებითი სტანდარტებისა და წესების დადგენას არ გეგმავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ, პირიქით, საჭიროა, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით, ისეთ მექანიზმებზე შეთანხმება,  სადაც ქვეყნის კონტექსტიც იქნება გათვალისწინებული ისე, რომ დასაქმებულების უფლებების დაცვასთან ერთად არც ბიზნესზე იყოს ზედმეტი წნეხი.

რეგულაციები არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ წინაღობებს ბიზნესისთვის, რის შედეგადაც ხშირად ისევ რიგითი მომხმარებელი ზარალდება. რეგულაციები უნდა იყოს ცოტა, გონივრული და ეფექტიანი. რეგულაციები, რომლის ადმინისტრირების ნაწილს უფრო მეტი რისკი მოაქვს, ვიდრე სიკეთე, უნდა გადაიხედოს და მაქსიმალურად მოერგოს ქვეყნის ეკონომიკის განვითაებასა და რეალობას“, ამბობენ კოალიციაში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიჩნევს, რომ შრომითი უფლებებისა და სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა სასამართლოზე გადის. მათ სჯერათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა და მასზე ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ბევრ პრობლემას გადაჭრის და სხვა სტრუქტურების, მათ შორის კერძო კომპანიების, მუშაობასაც გააუმჯობესებს.

„როგორც კი სასამართლო იქნება სათანადო დონეზე, სხვა ყველაფერიც უკეთესად იმუშავებს. ადამიანებს იმედი ექნებათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სამართალს იპოვიან და თავიანთ სიმართლეს დაამტკიცებენ. დასაქმებულს საშუალება უნდა ჰქონდეს, უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მარტივად, წინაღობებისა და მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების გარეშე მიმართოს სასამართლოს. ასევე, შესაძლებელია უფრო მოკლე ვადების დაწესება შრომით დავებზე, რომ მსგავსი საქმეები მალევე იქნას განხილული და დასაქმებულს ერთი და ორი წელი არ მოუხდეს ლოდინი პასუხისთვის“, – აცხადებენ კოალიციაში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელმწიფოს მხრიდან სახელფასო პოლიტიკაში რაიმე სახის ჩარევას საჭიროდ არ მიიჩნევს/არ ემხრობა. შესაბამისად, მათ არც მინიმალური ხელფასის სტანდარტის შემოტანა მიაჩნიათ მიზანშეწონილად და არც ანაზღაურების პრინციპის მკაცრი რეგულირება.

„გახარია საქართველოსთვის“

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად უნდა დაწესდეს კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის მოცულობა და ეს მათი გათვლით 950 ლარი იქნება. ეს შეეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, თუმცა იქნება გამონაკლისებიც: მცირე, საოჯახო ბიზნესისა და სტარტაპ ბიზნესის საქმიანობის ხელშესაწყობად. ეს ეკონომიკური სუბიექტები დადგენილი ვადით გათავისუფლდებიან მინიმალური ხელფასის გადახდის ვალდებულებისაგან.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ დასაქმებულთა უფლებების დასაცავად აუცილებელია შრომის ინსპექციის საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. მათი გეგმით, შრომით კანონმდებლობაში შეიქმნება ე.წ. პლატფორმით (საკურიერო, ტაქსისა და სხვ აპლიკაციები) და დისტანციურად დასაქმებულთა შრომითი უფლებების სტანდარტები და მათი დაცვის სპეციალიზებული მექანიზმები. დაინერგება შრომის საათობრივი ანაზღაურების სისტემა, რაც ასეთი ფორმით დასაქმებული ადამიანების შრომის უფლებებს უფრო ეფექტიანად დაიცავს.

პრიორიტეტული იქნება შრომის უსაფრთხოების კუთხით მიღებული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანად აღსრულება და შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერება. განსაკუთრებით მომატებული საფრთხეებისა და კერძო სექტორის მიერ შრომითი უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის კონტროლის მიმართულებით. – ამბობენ პარტიაში.

„გახარია საქართველოსთვის“ გეგმავს, გააუმჯობესოს ზეგანაკვეთური შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების საკანონმდებლო გარანტიები, ასევე, ხელი შეუწყოს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ნორმის დიფერენცირებულ ზრდას, ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. მათი გათვლით, ზეგანაკვეთური შრომისთვის დასაქმებული აიღებს საათობრივი ანაზღაურების, მინიმუმ, 125-დან 250%-მდე.

შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად პარტია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ასევე, ორსულობისა და ბავშვის მოვლის დროს მშობლებისთვის სათანადო, ღირსეული გარემოს შექმნას და ფინანსური გარანტიების არსებობას. საამისოდ, იგეგმება მშობლის მიერ, ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით სარგებლობისას საჯარო სამსახურის შესახებ კანონითა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული სოციალური გარანტიების გაუმჯობესება.

„პირველ ეტაპზე, კერძო სექტორში დასაქმებული მშობლის შემთხვევაში, ე.წ. დეკრეტული შვებულებით სარგებლობისას, ერთჯერად 2 000-ლარიან კომპენსაციასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს დასაქმებულისთვის მინიმალური ხელფასის 950 ლარის კომპენსაციას, 6 თვის განმავლობაში, ხოლო რეფორმის შემდგომ ეტაპზე სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად გასცემს დასაქმებულის მინიმალური ხელფასის კომპენსაციას, კანონით გათვალისწინებული შვებულების 1 წლამდე პერიოდის  განმავლობაში. იგივე შეეხება ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევებს და, ასევე, სოციალური გარანტიების ეს სტანდარტი გავრცელდება ორივე მშობელზე“, – აცხადებენ პარტიაში.

„ქართული ოცნება“

„ქართულ ოცნებაში“ შრომის უფლებებისა და პირობების გაუმჯობესებას ეკონომიკურ ზრდას უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ მშპ-სა და ეკონომიკის ზრდასთან ერთად აუცილებლად გაუმჯობესდება როგორც სახელფასო, ისე ზოგადად შრომის პირობები და დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ჩამოყალიბდება უფრო დაბალანსებული შრომითი ურთიერთობები. კონკრეტული ციფრები და გეგმები არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ამ საკითხზე აგრძელებენ მუშაობას.

რაც შეეხება მინიმალურ ხელფასს, პარტიაში ამის წარმატებულ მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისა და საჯარო სკოლებში მასწავლებლებისთვის დაწესებულ მინიმალურ ანაზღაურებას მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ამ სფეროებში დანერგილი პრაქტიკა, სხვაგანაც უნდა გავრცელდეს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე მკაცრი რეგულაციის შემოტანასა და ზღვრის დადგენას არ გეგმავენ, მით უმეტეს, კერძო სექტორში.

სახელფასო პოლიტიკაში კონკრეტული ხედვა ისევ სამედიცინო და საგანმანათლებლო  სფეროს შეეხება. 2025 წლიდან „ქართული ოცნება“ აპირებს, კიდევ გაიზარდოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება, განსაკუთრებით კი – ექთნების ხელფასები, რაც საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან დაბალია.

„ექიმებისა და ექთნების ხელფასს შორის დისპროპორცია არ შეესაბამება წამყვან ქვეყნებში ამავე პროპორციას. სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ექთნების გადინება შემცირდეს და მათ ჰქონდეთ ადეკვატური ანაზღაურება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი მაღალკვალიფიციური ექთნები შევინარჩუნოთ  ქვეყანაში და მათ არც საზღვარგარეთ წასვლა უწევდეთ და არც ერთდროულად რამდენიმე ადგილზე დასაქმება“, – ამბობენ პარტიაში.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტია ასევე სკოლამდელ დაწესებულებებში ანაზღაურების მატება და დღევანდელი ვითარებისგან განსხვავებით, რეგიონების მიხედვით მათი ხელფასის გათანაბრება, რადგან რეგიონებში ხშირად ამ ადამიანებს კიდევ უფრო დაბალი ანაზღაურება აქვს. პარტია ხელფასის ზრდას ჰპირდება, ასევე, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს. მათი გეგმის მიხედვით, მომდევნო წლის იანვრიდან საბავშვო ბაღებისა და სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს 100 ლარით გაეზრდება ხელფასები.  შემდეგი ზრდა კი უკვე ეტაპობრივად განხორციელდება.

„ძლიერი საქართველო“

„ძლიერი საქართველოს“ პროგრამაში – „ილიას გზა“ – წერია, რომ ისინი დაადგენენ ღირსეული და სამართლიანი ანაზღაურების სტანდარტს, რაც იქნება გარანტია იმისა, რომ დასაქმებულებმა უზრუნველყონ თავიანთი ცხოვრებისეული საჭიროებები. ასევე, მათი გეგმით, ადგილობრივი შრომის ბაზარი გახდება გამჭვირვალე და დინამიკური, რომ ადამიანს არ ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის და ჰქონდეს პროფესიული ზრდისა და გადამზადების შესაძლებლობა.

ჩვენ მიერ გაწერილი დეტალური გეგმით შევქმნით სამართლიანად ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს“, – ვკითხულობთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების პროგრამაში, თუმცა როგორ აპირებენ ამას და კონკრეტულად რას გულისხმობს ასეთი სამუშაო ადგილები ან სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში რა გარანტიები შეიძლება ჰქონდეს დასაქმებულს, ამაზე ინფორმაცია არ იძებნება. როგორც თავშიც აღვნიშნეთ, პარტიამ ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.

სრულფასოვანი შრომის ბაზრის ხელშესაწყობად „ძლიერი საქართველო“ ასევე გეგმავს განათლების ფუნდამენტურ რეფორმას და მისი ბაზრის მოთხოვნებისთვის მორგებას.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

აღნიშნულ კოალიციას საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენია და შეკითხვებიც უპასუხოდ დატოვეს.