ტოლერანტობის ცენტრი და ეთნიკური უმცირესობების საბჭო POSTV-ის და „რუსთავი 2-ს“ მიმართავს

პუბლიკა

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და ეთნიკური უმცირესობების საბჭო ეხმაურებიან სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეთნიკურ წარმომავლობას მალავს.

ტოლერანტობის ცენტრის და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს შეფასებით, ეს არმენოფობიული განწყობით პოლიტიკური მანიპულირება და პოლიტიკური ბრძოლის ბინძური მეთოდია.

ორგანიზაციები კატეგორიულად გმობენ და დაუშვებლად მიიჩნევენ „წლების წინ დამკვიდრებული ამ მავნებლური, ქვეყნის ინტერესების საზიანო „ტრადიციის“ განახლების მცდელობას, – ეთნიკური ნიშნის გამოყენებას პოლიტიკური დისკრედიტაციის, დისკრიმინაციისა და სტერეოტიპული წარმოდგენებით მანიპულაციისთვის.“

ამავე განცხადებაში საბჭო ეხმაურება „რუსთავი 2-ის“ ეთერში აზერბაიჯამულ თემთან მიმართებით გამოყენებულ ტერმინ „დიასპორას“.

„სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის მიერ 11 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში, ხსენებული არხის ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, შეეკითხა, რატომ მალავს “სომხურ წარმომავლობას”. ამ სიუჟეტს მოყვა პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, ზურაბ ქადაგიძის მსგავსი ტიპის მადისკრედიტირებელი განცხადება და ასევე POSTV-ის მორიგი სიუჟეტი, სადაც ტელეარხი ცდილობს, დაამტკიცოს მამუკა ხაზარაძის თითქოსდა „სომხური“ წარმომავლობა. მსგავსი შინაარსის მედიაპროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს სოციალური ქსელებითაც.

ჩამოთვლილ შემთხვევებში საქმე გვაქვს არმენოფობიული განწყობით პოლიტიკურ მანიპულირებასა და პოლიტიკური ბრძოლის ბინძურ მეთოდთან, კონკრეტული პოლიტიკოსისთვის  სხვა ეთნოსის იდენტობის გამიზნულ მიწერასთან და ამ საფუძველზე არმენოფობიური პროპაგანდისა და პოლიტიკური დისკრედიტაციის დაუშვებელ, ღირსების შემლახველ მცდელობასთან.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი ხელმომწერი ორგანიზაციები კატეგორიულად ვგმობთ და სრულიად დაუშვებლად მივიჩნევთ საქართველოში წლების წინ დამკვიდრებული ამ მავნებლური, ქვეყნის ინტერესების საზიანო „ტრადიციის“ განახლების მცდელობას, – ეთნიკური ნიშნის გამოყენებას პოლიტიკური დისკრედიტაციის, დისკრიმინაციისა და სტერეოტიპული წარმოდგენებით მანიპულაციისთვის.

საბჭო მოუწოდებს ხსენებულ არხსა და არმენოფობიის გამავრცელებელ სხვა სუბიექტებს, ეთნიკური იდენტობის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენების გამო საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და სამომავლოდ უარი თქვას მსგავს პრაქტიკაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს, თანასწორუფლებიანობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს და შეუსაბამოა ტოლერანტობისა და ღირსების შესახებ ქართული, უფრო ზოგადად, – კავკასიური წარმოდგენებისთვის.

ასევე – ტელეარხ რუსთავი ორის 10 ოქტომბრის ეთერით, საქართველოს აზერბაიჯანულ თემთან მიმართებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც გამოყენებული იყო ტერმინი „დიასპორა“.

საქართველო ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, საქართველოს მოქალაქეები განსხვავდებიან ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ნიშნით, მაგრამ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვართ საქართველოს მოქალაქეები, ხოლო ტერმინი „დიასპორა“  ატარებს შინაარსს, რომლის მიხედვით დიასპორის წევრები სამშობლოდ სხვა ქვეყანას მიიჩნევენ და შესაბამისად, სხვა ქვეყანას წარმოადგენენ ახლანდელი განსახლების ქვეყანაში.

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური საბჭო მოუწოდებს ხსენებულ მედიას, მსგავსი ტერმინები აღარ გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეთა ჯგუფებისა თუ  მთელი თემის აღწერისას, მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისას;

აქვე გვინდა მოვუწოდოთ ყველა მედიას, პარტიას, პოლიტიკოსს, საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ჩართულ ორგანიზაციებსა და პიროვნებებს, უარი თქვან ხსენებული ტერმინით საქართველოში ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის მოხსენიებაზე, რადგან ჩვენ არ ვართ დიასპორა, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი საერთო სამშობლო არის საქართველო!“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • ქართულ-უკრაინული წიგნისა და პრესის სახლი
  • ქართველ სომეხთა კავშირი
  • ღია საზღვრები
  • საქართველოს სომხური სათემო პლატფორმა
  • საქართველოს უდიები
  • სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
  • სოლიდარობის მოძრაობა
  • საქართველოს ქურთული ასოციაცია „რონაი“
  • სათემო კავშირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“
  • სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი