მეზვრიშვილი: პრეზიდენტისთვის ლაზერის მიმნათებლები ჩვენი გუნდის წევრებს თავს 9 ოქტომბერს დაესხნენ

პუბლიკა

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ყოვლად მიუღებელი ქმედება „ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე თავს დაესხა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი არის დავით დვალი, რომელიც კახა კალაძის მძღოლის შვილია და დავით არჩვაძე, რომელიც ერთ-ერთ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, როგორც „ქართული ოცნების“ მთაწმინდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

როგორს ის აღნიშნავს, 10 დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა ამ ეტაპზე უწყებისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

„ქართული ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს. ესენი გახლავთ დავით დვალი, რომელიც არის კალაძის მძღოლის შვილი და დავით არჩვაძე – ახალგაზრდულის ხელმძღვანელი.

10 დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩის დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ და არანაირი რეაგირება.

უმოქმედობას კონრეტული შედეგები მოჰყვა სხვა შემთხვევებშიც. ქსანში ჩვენი გუნდის წევრ ლია ყოჩიშვილის მიმართ მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დაწყების ნაცვლად, 19 ოქტომბერს დაზარალებულ ლია ყოჩიშვილის დედას თავს დაესხა კორუმპირებული დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი გია ჯიქია, მისი არასრულწლოვანი შვილის მეშვეობით. აქაც „ოცნებამ“ არასრულწლოვანი გამოიყენა.

სენაკში სკოლის დირექტორის შორენა შამათავას უკანონოდ გათავისუფლებაზე რეაგირების ნაცვლად, სკოლის მოქმედმა დირექტორმა 3 ოქტომბერს შორენა შამათავას მიმართ ზეწოლა თავისი პოლიციის უფროსი ქმრის მეშვეობით გააგრძელა, რის გამოც ემოციურ ნიადაგზე შორენა შამათავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. განგრძობად დანაშაულზე რეაგირების ნაცვლად კი, 19 ოქტომბერს პოლიცია დანაშაულის მიჩქმალვას შეეცადა და შორენა შამათავა პოლიციაში იმისთვის დაიბარეს, რომ დაეფიქსირებინა, თითქოს პრეტენზია არ ჰქონდა.

ვანში პოლიციის უფროსის მიერ ჩვენი გუნდის წევრის მიმართ მუქარაზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ნაცვლად, ჩვენი გუნდის წევრ გიორგი სვანაძის მიმართ ადევნება და თვალთვალი გრძელდება.

დღემდე საგამოძიებო ორგანოებში შეტანილ არც ერთ საარჩევნო დარღვევაზე რეაგირება არ ყოფილა, რაც გზას უხსნის წინასაარჩევნო კვირაში კიდევ უფრო მეტ ძალადობას”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მან ყველა პასუხისმგებელ უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდა.


გუშინ, 20 ოქტომბერს თბილისში მარში – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართა. მარშის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც. ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლისას „მონოგრაფის“ ვერანდიდან პლედებში გახვეული პირები ლაზერებს ანათებდნენ.

ადგილზე აქტივისტის მიერ გადაღებული კადრებით ირკვევა, რომ ვერანდაზე შეკრებილთაგან ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ ვაკის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საბა გორგაძე იყო.

რაც შეეხება ამაღლების ქუჩაზე მომხდარს, 9 ოქტომბერს პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ტექსტით„საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას „ოცნების“ ზონდერაქტივი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ“.

ვიდეოში ჩანს გახარიას პარტიის სიმბოლიკიანი მაისურებით ადამიანები, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები სააგიტაციო მასალებს ართმევენ და ხევენ 25-ნომრიან პლაკატებს.