„ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული“ - ნიკა გვარამია პრეზიდენტს შეხვდა

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. „ტვ პირველთან“ კომენტარში მან თქვა, რომ შეხვედრა დახურული იყო და არ ისაუბრა დეტალებზე. გვარამიას არ უთქვამს აპირებს თუ არა პრეზიდენტი არჩევნებამდე დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი.

„ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული. პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული, რაღაცნაირად დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი, პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი, მას ამის უფლება აქვს, მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტს შეხვდნენ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა და „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

პრეზიდენტმა ოქტომბრის დასაწყისში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრები გამართა „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებულ დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით. ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრების შემდეგ თქვეს, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე.

12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საზოგადოებამ არჩევნებამდე, 26 ოქტომბრამდე, უნდა იცოდეს, ვინ იქნება ამა თუ იმ თანამდებობაზე და აპირებს წარადგინოს ტექნიკური მთავრობა.