ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შეიცვლება საერთაშორისო და რეგიონული სიტუაცია, ჩინეთი ირანთან ურყევად გააგრძელებს თანამშრომლობის განვითარებას. სი ძინპინმა ეს განცხადება BRICS-ის სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ძინპინი ამბობს, რომ ირანი „ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული და საერთაშორისო გავლენის მქონე ქვეყანაა”, ასევე, ჩინეთის „კარგი მეგობარი და პარტნიორი”. ჩინეთის მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ირანს დაიცვას მისი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განავითაროს ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, ასევე, ჩამოიყალიბოს „კარგი მეგობრული” ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან.
პეზეშკიანმა კი აღნიშნა, რომ ჩინეთი ირანისთვის თანამშრომლობისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი” პარტნიორია. მან ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.