„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება მარნეულის 69-ე უბნიდან გავრცელებულ კადრებს, სადაც საარჩევნო ყუთში ათობით ბიულეტენი ჩაყარეს. მდინარაძის მტკიცებით, ენმ აპირებდა მოესყიდა ვინმე მმართველი გუნდის რიგებიდან, რომელიც ან სხვას დაარწმუნებდა, ან თვითონ ჩაყრიდა, ან შეაცურებდა ბიულეტენებს ურნაში, ან ელექტრონულ აპარატში. მდინარაძის ვერსიით, ეს უნდა გადაეღო ენმ-ის რომელიმე წარმომადგენელს და გაევრცელებინა.
მდინარაძის თქმითვე, „თუ ეს კადრები ნამდვილია“, იქ მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი საარჩევნო უბანზე.
„ერთი-ერთში, როგორც იმ დღეს ვილაპარაკე, ერთი-ერთში დადასტურდა, თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, ჩვენ ამის მოკვლევას კიდევ ვატარებთ, დავასწრებთ მოვლენებს, თუ ეს კადრები ნამდვილია, პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის ან რომელი, არ ვიცი, ენჯეო სექტორი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ეს ჩვენი იქნება თუ სხვისი არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას. წარმოუდგენელია, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი, ნახევარ თუ ერთ მეტრში კამერა უღებდეს და ასე ყრიდეს იმ უბანზე, სადაც არ არის ელექტრონული არჩევნები და ასეთი რამდენიმე ათეული უბანია ქვეყანაში მხოლოდ, წარმოუდგენელია, რომ კამერის წინ ასე ყრიდეს და იცოდეს, ხედავდეს, შეუძლებელია, რომ ვერ ხედავდეს, ეს ერთი. ანუ, ეს არის სპეციალურად გაკეთებული და სამწუხაროდ, თუ ეს კადრები ნამდვილია და ახალია, იქ მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი საარჩევნო უბანზე და იმის გამო, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, მე პირადად დარწმუნებული ვარ ამაში, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს“, – ამბობს მდინარაძე.
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ დამკვირვებელს, რომელმაც ბიულეტენების ჩაყრის ვიდეო გადაიღო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გამოაძევეს. საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი, სავარაუდოდ, სადახლოს გამგებელმა როვშან ისკანდაროვმა ჩაყარა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოუწოდა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, „სიტუაციაში გაერკვეს“.