ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა და შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და „აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა.
„დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგის შეცვლა იყო.
აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისათვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების დაკვირვებაზე ხელშეშლა.
დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ამომრჩევლებისთვის ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევებიც, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია უკვე მონიშნული იყო.
აშკარა გახდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და „ქირაობის”, აგრეთვე პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ მრავალრიცხოვანი ცნობები და მედიარეპორტაჟები სწორედ აღნიშნული სქემის განხორციელებას ემსახურებოდა. სწორედ ამგვარი მანიპულაციების შედეგად გახდა შესაძლებელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გადამწყვეტი რაოდენობის მოპოვება, რასაც ახლა ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულ ელექტრონული აპარატების ჩეკების დათვლის შედეგებში ვხედავთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა „უპრეცედენტო ზეწოლა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უმიზეზოდ უბნებიდან გაძევებას.
„უმრავლეს შემთხვევებში შეუძლებელი იყო კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება. ზოგ შემთხვევაში დამკვირვებლების ევაკუაციაც კი ხდებოდა საჭირო. იყო შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლის გაძევების პროცესში ჩართული იყო პოლიციაც. შესაბამისად, შექმნილი გარემო შეუძლებელს ხდიდა საარჩევნო პროცესზე ნორმალურ დაკვირვებას“, – აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.
შეფასებაში საუბარია ჟურნალისტებზე თავდასხმაზეც. „ჩემი ხმის“ შეფასებით, საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ სააარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას არ გამოვლენილიყო გაყალბების სქემები და საზოგადოებას არ ჰქონოდა ინფორმაცია მათ შესახებ.
„კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ხდებოდა არაუფლებამოსილ პირთა კონცენტრაცია, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ როგორც ამომრჩევლების, ისე დამკვირვებლების მიმართ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების მიზნით, მმართველმა პარტიამ გამოიყენა კრიმინალური ჯგუფები.
დღის განმავლობაში არც საარჩევნო ადმინისტრაცია და არც სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებდნენ კანონის დარღვევის უხეშ ფაქტებზე. აშკარად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არჩევნების გაყალბებაში ჩართულ პირებს ჰქონდათ გარანტიები, რომ კანონსაწინააღმდეგო, ხშირად დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მათი პასუხიმგებლობის საკითხს არავინ დააყენებდა.
მმართველი პარტიის მიერ უბნებთან ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩევლების უპრეცედენტო მობილიზაცია. ამომრჩევლებზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა. იმის, გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის, მათ სოციალურ თუ სამასახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამომრჩევლების დიდი ნაწილი ფაქტიურად მმართველი პარტიის მძევალი იყო.
ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნებზე საკმარისი სივრცის არარსებობის და რეგისტრატორების ნაკლებობის გამო მიზანმიმართულად შეიქმნა პროცესის კოლაფსი. ამომრჩევლებს საათობით უწევდათ რიგში დგომა. ბევრმა მათგანმა ვერც კი მოახერხა ხმის მიცემა, რაც ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევას ნიშნავს“, – აცხადებს „ჩემი ხმა“.
როგორც სადამკვირვებლო მისია წერს, აღნიშული სისტემური დარღვევებია:
- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა ქარელის, ბათუმის, თელავის, ხაშურის, ბოლნისის, სენაკის, გორის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარნეულის, ქობულეთის, საგარეჯოს, ახალციხის, კასპის, მცხეთის საარჩევნო ოლქებში;
- ვერიფიკაციის პროცესის მართებულობისა და რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შეუძლებლობა – გურჯაანის, სიღნაღის, რუსთავის, გარდაბნის, სამტრედიის, ჩუღურეთის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ისნის, სენაკის საარჩევნო ოლქებში;
- ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემა ან/და ყუთში მოთავსება – გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, რუსთავის, ბათუმის, სენაკის, ლაგოდეხის, თბილისის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, მესტიის, ახალციხის, ასპინძის, გორის, ქარელის, ხაშურის საარჩევნო ოლქებში;
- სხვის ნაცვლად და განმეორებით ხმის მიცემა – მარნეულის, გარდაბნის, ზუგდიდის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, სამგორის საარჩევნო ოლქებში;
- ფიზიკური ძალადობა – მარნეულის, გლდანის, ისნის, მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში;
- ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი – ხარაგაულის, ჭიათურის, ახალქალაქის, ხაშურის, მცხეთის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გორის საარჩევნო ოლქებში;=
- გადასატანი ყუთისა და ბიულეტენების დაზიანება – ვაკის, საბურთალოს, სამგორის, ოზურგეთის, რუსთავის, ხაშურის საარჩევნო ოლქებში;
- მარკირების დაუცველობა – გლდანის, ისნის, სამგორის, მარნეულის, კასპის, გორის, ზუგდიდის, მარნეულის, ბათუმის, მცხეთის საარჩევნო ოლქებში;
- აგიტაცია კომისიის წევრების მხრიდან – გორის, მარნეულის, ბოლნისის, ახალქალაქის, გარდაბნის, ქუთაისის საარჩევნო ოლქებში;
- დამკვირვებლების საქმიანობის ხელშეშლა და მათი გაძევება – მარნეულის, სენაკის, გარდაბნის, ქობულეთის, საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში;
მათი ცნობით, ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია: 244 საჩივარი და გაკეთებულია 183 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადამკვირვებლო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გარემოსა და არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. ჩვენ გავაგრძელებთ შედეგების ბათილობის მოთხოვნას.