ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას და ძალადობას

პუბლიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებსა და ეუთო/ოდირის შეფასებას ეხმაურება:

„ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას და ძალადობას. რა სირცხვილია. ტაშს ვუკრავ ქართველ ხალხს, რომელიც დაშინების მიუხედავად მასობრივად გამოვიდა ხმის მისაცემად. ევროპული მომავლის მათ სურვილს პატივი უნდა სცეს საქართველოს ნებისმიერმა მთავრობამ“, – წერს ის.

არჩევნებს საქართველოში გამოეხმაურა ლატვიის პრეზიდენტიც.

„ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება, მოიპაროს ეს ოცნება დაშინებით და მანიპულაციით. სრული სოლიდარობა საქართველოს და პრეზიდენტ ზურაბიშვილის“, – წერს ის.

 

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ეხმაურება საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციები არწმუნებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.

„რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დავამატებ, როგორც მოსალოდნელიც იყო. მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რომ არ დანებდნენ, იყვნენ მეტად ერთიანები და გააგრძელონ მოქმედებები. რუსეთის სიხარული, რომ საქართველოს ევროპა არ სჭირდება არის ნაადრევი და უბრალოდ არასწორი”, – აღნიშნავს ის.