„არავინ არ აღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, ბოლომდე ჩავატაროთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათაშორის, შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე“,– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.
„ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართული ჩვენი სადამკვირებლო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველამ ერთად და თქვენი დახმარებით, უნდა შევქმნათ სრული სურათი თუ როგორ მოხდა ის უნახავი, ის უპრეცედენტო, უნიკალური წართმევა ხმების, ასე მასიურად, ასე სისტემურად, ეს არის უზარმაზარი, წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, პარლამენტი, კონსტიტუცია, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ.
ცესკომ გუშინ, 27 ოქტომბერს არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში „ქართული ოცნებამ“ ხმების 53% მიიღო.
„მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის ჩვენი დღევანდელი დროშა და ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კართან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა რეალობა, მომავალი, სხვა ჩვენ არ გვაქვს არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის.
დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი”, – მიმართა აქციის მონაწილეებს პრეზიდენტმა.
არჩევნების პირველად შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და გააჟღერა 4-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ.