„ძლიერი საქართველო“ ითხოვს, ცესკომ გაასაჯაროოს უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების სია.
ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ კოალიციის შტაბში ამ დროისთვის თავმოყრილია სისტემური დარღვევის ათობით მძიმე ფაქტი.
„ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს მიტაცების სქემის შავი ყუთი”, – თქვა ნაცვლიშვილმა.
შესაბამისად, მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ მოითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციისგან უტყუარი მასალების გასაჯაროებას.
„საარჩევნო ადმინისტრაციას, თუ არაფერი აქვს დასამალი და თუ ყველაფერი კანონის შესაბამისად ჩატარდა, მაშინ მათ უნდა გაასაჯაროონ ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბნებზე რეგისტრირებული არიან, როგორც კენჭისყრაში მონაწილე პირები.
თუ არ გაყალბებულა, თუ არ გამოყენებულა მასობრივი სქემა, რომელზეც ჩვენ გუშინ დეტალურად ვისაუბრეთ, მაშინ არ უნდა იყოს პრობლემა, გასაჯაროვდეს იმ ამომრჩევლების სია, რომლებიც რეგისტრაციაში არიან გატარებულები, როგორც არჩევნებში მონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს სია ინახავს მტკიცებულებებს ჩადენილი სისტემური დანაშაულის შესახებ“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე განცხადებით, „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლებმა დაწერეს ათეულობით საჩივარი, რომელიც ეხება „მძიმე დარღვევებს საარჩევნო პროცესში ფარულობის დარღვევიდან დამკვირვებლების შევიწროების ჩათვლით“.
„დამკვირვებლები პროცესზე დარღვევების აღმოჩენის შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანგარიშსწორების მსხვერპლებიც კი ხდებოდნენ. ასევე, იყო სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის არაერთი მცდელობა და არაერთი ფაქტი, მარკირების წესის დარღვევა, ორი ბიულეტენის გაცემა ერთ ამომრჩეველზე, დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, ძალადობის არაერთი შემთხვევა, რომელსაც უშუალო გავლენა ჰქონდა საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა და დაამატა, რომ ამ და სხვა დარღვევების დოკუმენტირება შესაბამისი მასალის შეგროვება კოალიციის შტაბში ახლაც მიმდინარეობს.
„ეს არჩევნები არის მიტაცებული, ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არც პროცესს და არც შედეგებს!“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.