სუპერმარკეტების ქსელების ნაწილი აცხადებს, რომ თანამშრომლებს სამსახურში თავად ატარებს

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 30 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და დაწესდა ე.წ. კომენდანტის საათი.

კერძოდ,  21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ასევე, კომენტანტის საათის შემდეგაც, სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის.

მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკურ საქმიანობას განაგრძობს რიგი დაწესებულებები, მათ შორის სურსათის მაღაზიები.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, სატრანსპორტო აკრძალვის შემდეგ როგორ გადაადგილდებიან სუპერმარკეტების ქსელების თანამშრომლები.

კომპანია „სპარში“ ამბობენ, რომ თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს. რაც შეეხება სამუშაო საათებს, კარანტინის ფარგლებში იცვლება სამუშაო საათები და მათი მაღაზიები 08:00 – 20:00 საათებში იმუშავებს.

რაც შეეხება „კარფურს”, როგორც „პუბლიკას” კომპანიაში განუცხადეს, ისინიც საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფენ თანამშრომელთა გადაადგილებას. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ტექნიკურ საკითხებზე მუშაობენ, რომ მიიღონ შესაბამისი ნებართვა და მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები შეასრულონ.

„ნიკორაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე თბილისის ფილიალების თანამშრომლების ნაწილს მსუბუქი ავტომობილებით მოემსახურებიან, თუმცა რა ნაწილზეა საუბარი, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ. ასევე აცხადებენ, რომ რეგიონების ფილიალებში ტრანსპორტირების საკითხი მოგვარებულია, წარმოების თანამშრომელთა ტრანსპორტირების საკითხი კი „უზრუნველყოფის რეჟიმშია“.

„გუდვილში“ აცხადებენ, რომ იმ თანამშრომელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, ვისაც საკუთარი მანქანა არ გააჩნია. „ჩვენც გუშინ შევიტყვეთ ეს ამბავი და ერთმნიშვნელოვანია ისიც, რომ თანამშრომლებზე იზრუნებს სამსახური“, – აცხადებენ „გუდვილში“.