პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა - ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა“.

„უკვე რამდენიმე დღეა, რაც პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებსა თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში, უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული და ცრუ ბრალდებებით საზოგადოებაში ტექნოლოგიების მიმართ უნდობლობას აღვივებს….

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და ამისთვის ისეთ წარმოუდგენელ ბრალდებებს აჟღერებს, როგორიცაა მაგალითად, ის რომ ერთი პირადობით ხმის მიცემა რამდენჯერმე ხდებოდა. „არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“ – ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი“ – განაცხადა პრეზიდენტმა Associated Press-თან და CNN-თან ინტერვიუში.“

ცესკოში აცხადებენ, რომ  ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ს დასკვნა ადასტურებს, რომ იმ ელექტრონული ტექნოლოგიებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო გამოყენებული, შეუძლებელია ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.

„შესაბამისად, შეუძლებელია ერთი პირადობით რამდენჯერმე ხმის მიცემა, ორმაგი ვერიფიკაცია და ის რომ ერთი ამომრჩეველი რამდენიმე უბანზე იყოს რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება.“ და როგორც თავად ამბობს ამის შესახებ ინტენსიურად საუბრობს საერთაშორისო მედიასთან და სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირებთან“.

ცესკოში აცხადებენ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა „რეალობის უარყოფა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“.