ოპოზიციური პარტიების ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ. მანამდე ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქმის კურსში ჩააყენეს იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციას აქვს.
„ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს პრეზიდენტი იმ პროცესებთან, იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შევიმუშავეთ. ბუნებრივია, რუსეთის სპეცოპერაცია საქართველოში, ეს არ არის ძველი ტენდენცია, ეს არის ახალი სიტყვა და ახალი ხერხები, რითაც რუსეთი ინარჩუნებს მარიონეტულ რეჟიმებს მთელ მსოფლიოში, სულ ასეთი რამდენიმე ჰყავს ოღონდ და ჩვენ ხელისუფლებას მეგობარი დარჩა ვენესუელა, ჰამასი, ჰეზბოლა და რამდენიმე სახელმწიფო და ფაქტობრივად რჩება მარტო ცივილიზებული სამყაროს წინაშე. პრეზიდენტი საქმის კურსშია, მას აქვს პრინციპული პოზიცია, რომ არჩევნები არის მოპარული რუსული სპეცოპერაციით და ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია“, – თქვა ანა დოლიძემ.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ფაქტი, რომ ცესკო უკვე უარს ამბობს წვდომა ჰქონდეს საზოგადოებას სხვადასხვა მონაცემთან, „თავისთავად მიუთითებს, რომ უბრალოდ კი არ გააყალბეს, გადაწერეს აბსოლუტურად მონაცემები“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პრეზიდენტთან ინტენსიური კონსულტაციები და თანამშრომლობა აქვთ „იმისთვის, რომ ერთი მხრივ, შედგეს ამგვარი საერთაშორისო გამოძიება, რაც გახდება საფუძველი ახალი არჩევნების და ხალხს დაუბრუნდეს ევროპული არჩევნები და ევროპული მომავალი“.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ რამდენიმე დღეში წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილი იქნება მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებაზე.