„თიბისი“ ეხმაურება „ატლანტიკური საბჭოს“ რუსული დეზინფორმაციის მკვლევრების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილისთვის საბანკო ანგარიშების შეზღუდვას და აცხადებს, რომ მოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ საზოგადოების ინტერესს კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ადგილი ჰქონდა თიბისი ბანკის მომხმარებლების მიმართ მომსახურების შეფერხებას. განვმარტავთ, რომ ბანკი მოქმედებს არსებული კანონმდებლობის, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონისა და კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად“, – აცხადებს თიბისი.
მეტ დეტალს „თიბისი“ არ ასაჯაროებს.
„საქართველოს ბანკს“ განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
გუშინ, 29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ რუსული დეზინფორმაციის მკვლევრებს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს როგორც თიბისი ბანკში, ისე საქართველოს ბანკში. მათ ანგარიშებს ყადაღა არ ადევს აღსრულების ეროვნული ბიუროსგან.
ფულის გათეთრების კანონის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების მუხლის საფუძველზე, „ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეკრძალებათ, აცნობონ კლიენტს ან სხვა პირს, რომ ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად განხორციელდება ან ხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინება ან წარედგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ან განხორციელდება ან ხორციელდება ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები”.
სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს ყველა სახის ელექტრონუნლი მოწყობილობა, მათ შორის, სოფო გელავას შვილის სასკოლო კომპიუტერი.
24 ოქტომბერს ეთო ბუზიაშვილმა თქვა, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.
იმავე დღეს ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე სხვა ადგილას: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა ამერიკული კომპანია Concentrix-ის ოფისი და მისი ერთ-ერთი თანამშრომლის, სანდრო ცხადაძის სახლი. ასევე, ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი. როგორც ტყეშელაშვილმა თქვა, მას უთხრეს, რომ საქმე ე.წ ქოლცენტრებს ეხება, თუმცა ამასთან შეხება არასდროს ჰქონია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ჩხრეკა ეხება ე.წ ქოლცენტრებს. უწყების განცხადებით, „საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში“.
თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ, ამ საქმის ფარგლებში გაჩხრიკეს თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები.
სამთავრობ პროპაგანდისტულმა ტელეარხმა „იმედი” 25 ოქტომბერს გამოძიება დავით კეზერაშვილს დაუკავშირა.
„მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებები 2 ქალაქში ქოლცენტრებს უკავშირდება. დედაქალაქის ცენტრში აღმოჩენილია კეზერაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრის, ალექსანდრე ნინუას საკუთრებაში არსებული კომპანია, რომლის საშუალებითაც შავი ფული რადიკალური ოპოზიციის სალაროებში მიდის”. – თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.
კომპანია Concentrix საქართველოში 2021 წელს სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემოვიდა.