„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თამარ კორძაია მოითხოვს, გადმოეცეთ ბიულეტენი, რომელზეც ხმა არის მიცემული, რათა ჩაუტარდეს მას ექსპერტიზა და გაირკვეს, შეესაბამებოდა თუ არა ის კონტრაქტით დადგენილ სტანდარტს.
„მივმართავ გიორგი კალანდარიშვილს, დღეს ჩემს საპასუხოდ არ დააყენოთ თქვენი პრესსამსახურის ქალბატონი და არ თქვათ, რომ ამ ბიულეტენს ფარავდა კონვერტი, რადგან ერთი მცირე დეტალია ამ პროცესში. ყველას ასწავლიდით, რომ აუცილებელია, ბიულეტენი გადააბრუნოთ და ისე შეაცუროთ, მაგრამ ფარულობას არ იცავდა არცერთი პროცედურა, რადგან გადაბრუნების შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამიტომ ამ გაყალბებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და შესაბამისად, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის გიორგი კალანდარიშვილს.
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, იმისთვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობისა და მასობრივად, ტოტალურად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
29 ოქტომბერს ოპოზიციის წევრებმა, მათ შორის, თამარ კორძაიამ მოითხოვა, შექმნას არჩევნებში მონაწილეების ბაზა, რომ ამომრჩევლებმა გადაამოწმონ თავი არჩევნებზე მისულთა სიაში.
მათ საპასუხოდ ცესკომ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა, იმისთვის, რომ ამომრჩევლებს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მიმსვლელთა სიაში, კანონით არის შეზღუდული.