ისკანდაროვი ამბობს, რომ მარნეულის N69 უბანზე ბიულეტენები ყუთში ოპოზიციის პროვოკაციის შედეგად ჩაყარა

პუბლიკა

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი სადახლოში, N69 უბანზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

ისკანდაროვი წერს, რომ ის ოპოზიციის დაგეგმილ პროვოკაციაში გაეხვა და ირწმუნება, რომ მისი მიზანი არჩევნების გაყალბება არ ყოფილა.

ისკანდაროვის პოსტს, რომელიც მან 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა,  „რადიო მარნეული“ ავრცელებს. 

„მინდა, სიცხადე შევიტანო და ნათელი მოვფინო ჩემ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიცრუის კამპანიას! ეს გახლავთ ცილისწამება, თითქოს მე არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით, საარჩევნო უბანზე, ვყრიდი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში! რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.

ფაქტი კი იყო შემდეგი : როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი,მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა,რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს.

ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და „ქართული ოცნების“ პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტენის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტენები ეჭირათ მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) ხელში, რის მოწმეც არაერთი ადამიანია.

მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტენები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ, ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“.

არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარეს. როგორც კადრებში ჩანს, ბიულეტენები ყუთში სადახლოს გამგებელმა როვშან ისკანდაროვმა ჩაყარა.

ამ დრომდე შსს არ ამბობს, დაკავებულია თუ არა ვინმე მარნეულის #69 უბანზე ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 26 ოქტომბერს დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (არჩევნების გაყალბების) მუხლით.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ცესკოს ცნობით, მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარი შემთხვევის გამო, აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი.