მდინარაძე ამტკიცებს, რომ „ნაცმოძრაობამ“ „ოცნების“ ხმები მოიპარა და პროკურატურას მიმართავს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ „ნაცმოძრაობის კლასტერმა“ „ოცნებას“ ხმები ორი სქემით მოჰპარა. მდინარაძის თქმით, ერთი სქემა იყო გადასატანი ყუთებით მიღებული ხმების გაუქმება, მეორე კი – მდინარაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები ოპოზიციური პარტიების კვოტით კომისიის წევრებად სხვადასხვა ადგილას დანიშნეს, შედეგად, ამ მხარდამჭერებმა საკუთარ უბნებზე ხმის მიცემა ვეღარ შეძლეს. მდინარაძის თქმით, ის დღესვე მიმართავს პროკურატურას და სხვა მტკიცებულებების შეგროვებას გააგრძელებს.

„გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი და ეს უკვე სისტემურობაზე მიუთითებს, ამ ფაქტებს დღესვე წარვუდგენთ პროკურატურას. […] ამომრჩევლები, რომლებიც „ოცნების“ მომხრეები არიან, მიდიოდნენ უბანზე და ხვდებოდათ თავი სიიდან მოხსნილი. ირკვეოდა, რომ ნაცმოძრაობის კლასტერის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნულები იყვნენ მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებზე, ხშირ შემთხვევაში, მოშორებით მათი ჩაწერის ადგილიდან. დავუშვათ, მამუკა მდინარაძე რომ მივიდოდა, „ქართული ოცნების“ ერთი რიგითი ამომრჩეველი, საბურთალოზე, თავის საარჩევნო უბანზე, ხვდებოდა მოცემულობა, რომ ის დანიშნული იყო, მაგალითად, სამტრედიაში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად… მაგალითად, თბილისის შემთხვევაში: დიდუბეში მცხოვრები ნონა ნემსაძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა 27-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც მივიდა, იქ აღმოაჩინა, რომ დანიშნული იყო „ევროპული საქართველოდან“ ნინოწმინდაში წარმომადგენლად 25-ე საარჩევნო უბანზე. ასევე, მაგალითად მაყვალა ხატიაშვილი, რომელსაც ხმა უნდა მიეცა, რეგისტრირებულია შესაბამისად დიდუბეში და ხმა უნდა მიეცა დიდუბის 30-ე საარჩევნო უბანზე, მივიდა და გაირკვა, რომ ის იყო დანიშნული 53-ე საარჩევნო უბანზე ალეკო ელისაშვილის პარტიიდან. ნინო დვალი მივიდა სამგორში თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც ჩაწერილია და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, მე-19 საარჩევნო უბანზე, ხმა ვერ მისცა მანაც იმის გამო, რომ აღმოჩნდა ამბროლაურში მეათე საარჩევნო უბანზე დანიშნული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ასევე, მაგალითები მომყავს, ოთხმოცდაერთივეს არ წაგიკითხავთ, მაგრამ რამდენიმე მაგალითს წაგიკითხავთ. ბორჯომში მცხოვრები ელენე ელიოსიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა მე-4 საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა დანიშნული „ლელოდან“ საბურთალოს მე-3 საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მისცა. ნუკრი დოლაბერიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა წყალტუბოში 24-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა ქუთაისში დანიშნული 59-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოდან“. ნუგზარ ირემაძე ადიგენში ხმა უნდა მიეცა მე-15 საარჩევნო უბანზე, იქ ცხოვრობს და აღმოჩნდა ხულოში დანიშნული ალეკო ელისაშვილის პარტიიდან 23-ე საარჩევნო უბანზე.

სქემა N2 – აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან ნაცმოძრაობის კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ და როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს მოქალაქეებს, რომ ისინი იყვნენ „ოცნების“ მხარდამჭერები, ხელმოწერა გამოატოვებინეს და ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები გაუქმდა.

მაგალითად, ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ქვედა საქარის N38 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის წაღება ამომრჩეველთან წილისყრის საფუძველზე წილად ხვდა „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ – ხელმოწერები არ იყო, გადასატანი ყუთი როდესაც დაბრუნდა უბანზე, იმიტომ, რომ მათ იეჭვეს, რომ ძირითადად გადასატან ყუთში ვინც ათავსებდა თავის არჩევანს გაფერადებულს, ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები. ასე მოჰპარეს სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს ხმები. აქაც ხელი შეუშალეს შეგნებულად იმით, რომ არ მოაწერინეს ხელი, იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში გაბათილდებოდა მონაცემები. ეს არის მეორე სქემა, რომელსაც კადრულობდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები, იმ შემთხვევაში, თუ წილისყრის საფუძველზე ისინი გადასატან ყუთთან მოხვდებოდნენ.

ჩვენ გვაქვს სხვა ინფორმაციებიც, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზუგდიდში, თელავში და რამდენიმე საარჩევნო ოლქში, როგორ ცდილობდნენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ ანუ. მაგრამ სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები, ამაზე არ ვისაუბრებ ამის იქით, რასაც მე ვამბობ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, მის მიერ იდენტიფიცირებული დარღვევები სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით (არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელშეშლა) გათვალისწინებული დანაშაულია.


პროკურატურა უკვე იძიებს სავარაუდო საარჩევნო დანაშაულის 47 საქმეს.

გამოძიება მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.

უწყებაში გამოსაკითხად დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რაზეც მან უარი განაცხადა.