VoA: აშშ-ის ოფიციალური პირი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამ პირობით საუბრის მიზეზი, საკითხის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციის უფრო ფართო განხილვის შესაძლებლობაა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევები დამოუკიდებელი მექანიზმით უნდა გამოიძიოს.

„იმისთვის, რომ [გამოძიება] მიუკერძოებელი იყოს, საქართველოს მთავრობამ ის მიუკერძოებელი მექანიზმით უნდა ჩაატაროს. შესაძლოა საერთაშორისო მექანიზმით ან ისეთი მექანიზმით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ან ჯგუფები, რომლებიც მოიცავს სხვა პოლიტიკურ ძალებს, რათა გამოიძიონ ზოგიერთი საკითხი. რადგან, თუ ამ დარღვევებზე პასუხისმგებელია მმართველი პარტია, არ არის მიზანშეწონილი, გამოძიება თავად მმართველმა პარტიამ წარმართოს. მე კონკრეტული მექანიზმი მხედველობაში არ მაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ არჩევნებისადმი ნდობისთვის, გამოძიების მიუკერძოებელი მექანიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – ამბობს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.