ვოლსკი: ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება, მკაცრ შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკას არ ასახავს

პუბლიკა

„რუკის ვიზუალი მეც დავიწუნე, რადგან ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის მისაღები არ არის, რომ პროპაგანდისტული გამოსვლა როდესაც გაქვს და ეყრდნობი რეალურ ფაქტებს, ამ დროს რუკაზე ნათლად არ ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორია მთლიანად არის მოხაზული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. ვოლსკის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ვოლსკი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ პრეზენტაციას, რომლის ერთ-ერთ სლაიდზე დატანილ რუკაზე საქართველოს მთლიანი ტერიტორიის კონტურები მკრთალად ჩანს, ზოგი რაკურსიდან კი თვალისთვის შეუმჩნეველია.

მისი თქმით, პრეტენზია დიზაინერების მიმართ უნდა გამოითქვას. „ტექნიკური გაუმართაობა“ შეიძლება მკაცრ შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ „ეს იმ პოლიტიკას არ ასახავს, რაც ხელისუფლებას აქვს“.

„შეიძლება დიზაინერების მიმართ პრეტენზია გამოთქვა და გამოსათქმელია კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ადამიანები, ვინც ამ თემაზე ყველაზე ხმამაღლა, ხისტ განცხადებებს აკეთებენ, დამნაშავე არიან ტერიტორიების ოკუპაციაში და იმაში, რომ ამ ყველაფერს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დღეს სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, როგორ თუ რუკაზე უფრო ნათლად არ ჩანდა…

მათაც კარგად იციან, რომ ნაცრისფერი ეკრანზე ცუდად აღიქმება და შეიძლება, არ გამოჩნდეს, რაც გულდასაწყვეტია, შეცდომაა, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი გააკეთებს ამას განზრახ. მით უმეტეს, ისეთი ადამიანების სალაპარაკოდ, რომელთაც ამ ტერიტორიების ოკუპირება თავად მოახდინეს და რუსეთს საშუალება მისცეს, სამხრეთ კავკასიაში უპირატესობა ჰქონოდათ.

დამნაშავეები არიან, მოღალატეობრივი ნაბიჯები გადადგეს და დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ხოლო ნაცრისფერი კარგად აღიქმება თუ არა კამერის მიერ, ეს მეორე ნაწილია. ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება, მკაცრ შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ ეს იმ პოლიტიკას არ ასახავს, რაც ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.