მილერი: აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას.

ასე უპასუხა მან  ჟურნალისტის შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე,  პოსტსაარჩევნო პროცესში.

მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ განიხილავენ დამატებით ნაბიჯებსაც. „საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოყენებისგან თავს არ შევიკავებთ“ – განაცხადა მან.

„ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ნათლად ვაჩვენეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას ევროკავშირში გაერთიანებაზე და რომ მომხრე ვართ ევროატლანტიკურ პარტნიორებთან მათი სამომავლო ინტეგრაციის.

როგორც იცით, გადახედვის ქვეშაა საკმაოდ დიდი მოცულობის ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობა [ამერიკისგან] იღებდა და ამ დახმარებიდან 95 მილიონი დოლარი შეჩერებულია.

ეს იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც ვნახეთ, რომ მათ [საქართველოს ხელისუფლებამ], გადადგეს. განვიხლავთ დამატებით ნაბიჯებსაც, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია და საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოყენებისგან თავს არ შევიკავებთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს განცხადებებით გამოეხმაურნენ  მეთიუ მილერი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ყველა მათგანი საარჩევნო დარღვევებისა და მათი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.