რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა

პუბლიკა

რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რამდენიმე დღეში ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული.

ვიდეოში ჩანს და ისმის, რომ თამაზ გინტურისთვის მიუღებელია რუსების მიერ ეკლესიის აჭედვა.

„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის…” ამბობს ვიდეოში გინტური, ამის შემდეგ ის და მისი თანმხლები პირი, მოგვიანებით გატაცებული ლევან დოთიაშვილი კარს ხსნიან და ტაძარში შედიან.

„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი” – ისმის ვიდეოში თამაზ გინტურის ხმა.

ვიდეოში არ ჩანს რუსების გამოჩენის და სროლის ეპიზოდი.

მოკლულის მეგობარმა, ლევან დოთიაშვილმა ჟურნალისტებთან 2023 წლის 10 ნოემბერს თქვა, რომ თავად ნახა ზურგში დაჭრილი თამაზ გინტური. მისივე თქმით, მან დაინახა მსროლელი რუსი სამხედროც, თუმცა, ამოცნობა უჭირს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

თუმცა, 1 წლის შემდეგაც დაკავებული არავინაა. იდენტიფიცირებული არ არის დამნაშავე.

თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური ამბობს, რომ „საქართველოს ხელისუფლებას არ სურს საქმის გამოძიება, ვინაიდან თავადაც რუსები არიან”.

მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი სარჩელი უკვე მზად არის და მალე გაიგზავნება.