სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე არიან „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოს” და „კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს.

მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს „სამართლიანი არჩევნების“ საქმეს, ხოლო 14:00-ზე დაიწყება სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საიას და „ჩემი ხმის“ საქმის განხილვა.

ამ საქმეებს შორისაა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონული უბნების გაუქმების შესახებ – ხუჭუამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხდომაზე ექსპერიმენტი ჩაატარა და დაადგინა, რომ ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არ აქვთ მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი უნდა შენელდეს.

მისივე თქმით, დაელოდებიან სასამართლო პროცესების დასრულებას და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას დღევანდელი შემდგომი ქმედებების შესახებ.

გიორგი ვაშაძემ კი კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პროტესტი უწყვეტად გაგრძელდება.

„ვითხოვთ, საბოლოო ჯამში ეს შედეგები გაუქმდეს, პროტესტი უწყვეტად გრძელდება, არ შეჩერდება, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ გავიფორმებთ, რომელიც ხალხმა მოგვცა”. – თქვა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით კი, „უტყუარად დადასტურებულია, რომ არჩევნების შედეგები გადაიწერა”.

მისივე თქმით, „საერთაშორისო გამოძიებისთვის მისაწოდებლად ყველა მასალა მზად არის”.