სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა” პროკურატურის მიერ მათი წევრების გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უწყება უარს ამბობს 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დანაშაულების ჯეროვან გამოძიებაზე და დანაშაულის გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს.
„ჩვენი არაერთი განცხადების საპასუხოდ – მომხდარიყო დროული რეაგირება დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტეზე, დღეს პროკურატურამ მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ წევრი და პრეს-სპიკერი – ლონდა თოლორაია. ჩვენების მისაცემად, შესაძლოა, კოალიციის სხვა წევრებიც დაიბარონ. მიუხედავად კოალიციის სურვილისა – არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულები გამოძიებულიყო ობიექტურად, 6 ნოემბერს ლონდა თოლორაიასთვის დაკითხვის პროცესში პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან დასმული კითხვები მიანიშნებს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიზანია არა დანაშაულის ფაქტების შესახებ ობიექტური, დროული ინფორმაციის მიღება და და ეფექტიანი გამოძიება, არამედ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების გამყარება.
ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ნების არსებობის პირობებში, პროკურატურას გამოძიების დროულად დაწყების პარალელურად, უნდა მოეპოვებინა და შეესწავლა დანაშაულის ამსახველი უშუალო მტკიცებულებები, უნდა დაეიდენტიფიცირებინა ფოტო-ვიდეო მასალებში იდენტიფიცირებული და თვითმხილველი პირები და დაუყოვნებლივ გამოეკითხა ისინი, ვინაიდან არსებობს მათზე ზეწოლის საფრთხე.
ის ფაქტი, რომ პროკურატურა, არჩევნების ჩატარებიდან 2 კვირის თავზე შემოიფარგლება მხოლოდ კოალიციის წევრების გამოკითხვით და ამ ეტაპამდე არ აქვს შესწავლილი კოალიციის მიერ წარდგენილი საჩივრები, კოალიციის მიერ გასაჯაროებული ვიდეო და ფოტო მასალა, მედია საშუალებებისა და მოქალაქეების მიერ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები და თვითმხილველთა ჩვენებები და ამ დრომდე არ დაუწყია ამ მასალებში იდენტიფიცირებადი პირების გამოკითხვა, ადასტურებს რომ საგამოძიებო ორგანოს მიზანია არა დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება, არამედ გამოძიების გაჭიანურება, კოალიციის საქმიანობის შეფერხება და კოალიციის წევრებზე ზეწოლა”, – აღნიშნავენ კოალიციაში.
დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ლონდა თოლორაია. მისი თქმით, მან მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.
ამავე გამოძიების ფარგლებში დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.