არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
პროკურატურამ ჯაფარიძე გამოკითხვაზე ცესკოს მიმართვის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ მედიას განუცხადა, რომ შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ვიდეოს, რომელშიც ის ჰყვება გაყალბების სქემაზე.
„კითხვები ჰქონდათ ძირითადად ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც მე ჩავწერე, სადაც ვყვები გაყალბების სქემებზე და აინტერესებდათ მტკიცებულებები. რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებგვერდების მისამართებზე, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არა მხოლოდ პროკურატურას, შეუძლია ნახოს მტკიცებულებების წყება, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღეს. შესავალ სიტყვაში ავხსენი, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს ჩათვლით, საერთოდ როგორ მოხდა საქართველოს მოქალაქეების ნების და არჩევანის მიტაცება. დანარჩენი კითხვები იყო მეტწილად ტექნიკური ხასიათის“, – თქვა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბება წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და დღეს პროკურატურის დაწყებული გამოძიებაც ამის გაგრძელებაა.
„ახლა რასაც ვაკეთებთ, აქ რომ ვდგავარ და მიწევს სიარული და კითხვებზე პასუხების გაცემა, ესეც არჩევნების გაყალბების გაგრძელებაა. ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, – თქვა ჯაფარიძემ.
პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძეს გამოძიებისთვის არ მიუწოდებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას დააჩქარებდა.
„დღევანდელმა მოწმემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას. რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რაც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მოწმის ინფორმაციას, რომელიც მან მოგვაწოდა, გავაანალიზებთ და ამის საფუძველზე დავგეგმავთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს“, – თქვა მან.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ, 6 ნოემბერს გამოიკითხნენ მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, „ჩემი ხმის“ წარმომადგენლები.
გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და ბრიფინგზე საზოგადოების წინაშე საარჩევნო დარღვევების და შესაძლო გაყალბების მტკიცებულებების საჯარო პრეზენტაცია მოაწყო.