ესტონეთის პრემიერი: საქართველოს გზა ევროპისკენ მისი ლიდერების მიერ შეჩერდა

პუბლიკა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიჰალმა დღეს ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი თემა იქნება საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომელიც არ განიხილება, როგორც სამართლიანი.

„მესამე საკითხი საქართველოს არჩევნებია. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ არის დანახული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ითქვას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისი ლიდერების მიერ შეჩერდა. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ“, – განაცხადა მან.

7-8 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართება – საქართველო შარლ მიშელმა დღის წესრიგში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიყვანა. ის სხდომაზე მისაწვევ წერილშიც აღნიშნავს, რომ გაიმართება შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

„ჩვენ განვიხილავთ არჩევნების შემდგომ სიტუაციას საქართველოში და ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებზე”, – წერს მიშელი.

მისი თქმით, ასევე ისაუბრებენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, კონკრეტულად სამი სფეროს მიმართულებით: ორმხრივი ურთიერთობები, უსაფრთხოება და გეოპოლიტიკა, განსაკუთრებით უკრაინა, და გლობალური გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების ჩათვლით.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, მიშელი აღნიშნავს, რომ მსჯელობის თემა ასევე იქნება კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.