ორმა ოპოზიციურმა კოალიციამ, რომლებსაც, ცესკოს შედეგების თანახმად, საპარლამენტო მანდატები ერგება, ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ კანონმდებლობა უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს.
„მოქმედი კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში და სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის“, – ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადაეცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.
ნიკა გვარამიამ წაიკითხა კოალიციის განცხადების ტექსტი, რომელსაც სიის ყველა წევრი ხელს მოაწერს და ცესკოში გაიგზავნება.