ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს. ახალგაზრდების თქმით, დღეს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის ეზოსთან შეიკრიბებიან და გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს.
„ჩვენი მშობლები, დედები, მამები, ჩვენი მეგობრები, სტუდენტები, შევიკრიბებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოსთან და გავაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, რადგან ეს არ ყოფილა მხოლოდ არჩევნები, ჩვენ არჩევნებზე დავდივართ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გზით წაგვართვა სწორედ უკეთესი მომავალი და წაგვართვა სამშობლო და ჩვენ სტუდენტები არ ვაპირებთ, რომ ამ ყველაფერს შევეგუოთ და უწყვეტი პროტესტით, დღეს აქციით, ხვალ სხვა ფორმით, მაგრამ პროტესტი იქნება უწყვეტი, გავაგრძელებთ ბრძოლას სამშობლოს დასაბრუნებლად“, – ამბობს სტუდენტი, არჩილ ბერიძე „ტვ პირველთან“.
სტუდენტების პროტესტს პროფესორების ნაწილიც მხარს უჭერს, „ტვ პირველთან“ ლალი ანთაძე ამბობს – „ამათი მოთხოვნა, მგონია, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ასეთი პროტესტები აუცილებელია, მგონია, რომ ყველა უნივერსიტეტში უნდა იყოს“.
„ცხადია, მე ვუცხადებ მათ სოლიდარობას და მიმაჩნია, რომ ეს სწორი მიდგომაა ამ მოცემულობაში. დარწმუნებული ვარ, ეს არის დასაწყისი, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი უნდა ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების, არჩევნების, კონსტიტუციის სადარაჯოზე. მე ვფიქრობ, არა მარტო სტუდენტები, ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ და დავიცვათ ჩვენი მომავალი, ჩვენი ევროპული მომავალი და ღირებულებები. დარწმუნებული ვარ ეს დასაწყისია და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი შეუერთდება ამ მუხტს“, – ამბობს „ტვ პირველთან“ ბსუ-ს პროფესორი, ია ხასაია.
14 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა – „გუშაგები“ დააფუძნეს. ახალგაზრდების თქმით, პროტესტი არ შეწყდება და არ გაჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ საერთო მიზანს.