ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწყებულ პროტესტს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობები სოლიდარობას უცხადებენ. სტუდენტების ერთმა ჯგუფმა ღამე ბსუ-ს შენობაში გაათენა. მათ დღეს, 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ აქცია დააანონსეს.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. მათ რექტორისა და ადმინისტრაციის წევრების წინააღმდეგ ბრალდებები გააჟღერეს და თქვეს, რომ ისინი ხელს უწოდებდნენ „ქართულ ოცნებას“.
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ბათუმელი სტუდენტების ბრძოლას „მოპარული ხმისთვის“ და გმობენ თითოეული ადამიანის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.
„შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა!
დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ! მოგიწოდებთ ერთიანობისკენ! ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი! ვიბრძვით თავისუფლებისთვის! გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – ნათქვამია მათ განცხადებაში.
GIPA-ს სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ კვირას, 17 ნოემბერს, 18:00 საათზე, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი შეიკრიბებიან ჯიპას კამპუსთან, მარი ბროსეს 2 ნომერში და მსვლელობით შეუერთდებიან სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციას – „დაიბრუნე ხმა“.სტუდენტურმა მოძრაობამ სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს:
„ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სახელით სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და გაყალბების პროცესში მმართველი პარტიის მხრიდან აკადემიური სფეროს გამოყენებას.ვწუხვართ, რომ სტუდენტებს – დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ მომავალს იმ ადამიანების ხელებით გვართმევენ, რომლებსაც პროფესიული ღირსება ავალდებულებთ მოიქცნენ ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, რომელიც მუდამ ქართული სახელმწიფოს და უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესების მცველი იყო. აკადემიური სფერო იქნება ცოცხალი და დამოუკიდებელი, რისთვისაც საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა დავიბრუნოთ ჩვენი არჩევანი. ამ ბრძოლაში თითოეული სტუდენტის ხმა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ბათუმელი სტუდენტების გამბედავი და სამართლიანი პროტესტი განაახლებს ახალგაზრდების შემართებას და საერთო ძალისხმევით საქართველო დაუბრუნდება თავის ისტორიულ – ევროპულ გზას“.
ბსუ-ს სტუდენტებს მხარი დაუჭირა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამაც და განაცხადა, რომ „მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდება ნებისმიერ სტუდენტურ აქციასა და შეკრებას თითოეული ხმის დასაცავად“.
განცხადება გაავრცელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობაც:
„თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში“.
განახლება: ბსუ-ს სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არ აღიარებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და კვლავ ერთხმად ჩვენს სტუდენტებთან ერთად ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ჩვენ გვწამს, ჩვენი ევროპული მომავლის “მოპარვის” საშუალებას არავის არ მივცემთ. სტუდენტებო, თქვენი პოზიცია მნიშვნელოვანია და ერთად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი რეალობა, სადაც სტუდენტების და არამხოლოდ სტუდენტების ხმა ნამდვილად ფასობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, აპროტესტებენ „მოპარულ, გაყალბებულ არჩევნებს, რომლებიც მიგვათრევს რუსეთისკენ“.