სააპელაციო საოლქოების შემაჯამებელი ოქმების გაუქმებაზე საიას სარჩელს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლო საიას საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საიას გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ცესკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.

„მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარეებისთვის უნდა მიეცა მოსაზრებების სხდომაზე წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას უნდა ჰქონოდა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა საქმის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

გარდა იმისა, რომ საქმე მოთხოვნებისა და მოპასუხის გათვალისწინებით, პრაქტიკულად წარმოადგენდა ახალ საქმეს, საიას ჰქონდა რამდენიმე დამატებითი შუამდგომლობაც, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა და ამჯერად, ეს შუამდგომლობები სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიემართებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება, ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა. საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლებას შეეხება, სასამართლომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას და გადაწყვეტილება მხარეების და საზოგადოების დასწრების გარეშე მიიღოს“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.


13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) სარჩელები საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ამ შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციისა და საიას სარჩელები ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოსამართლეს უნდა განეხილა, თუმცა სარჩელები გაერთიანდა.

სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მოსამართლე 11 შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ ყველა შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არცერთი არ დააკმაყოფილა.