კეზერაშვილი მოსკოვის სასამართლოზე: საქართველოს რუსულმა მთავრობამ, როგორც ჩანს "უფროსი ძმაც” მოიხმო დასახმარებლად

პუბლიკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი რუსეთში „დაუსწრებლად დაპატიმრებას“ ეხმაურება. მისი თქმით, საყურადღებოა, რომ „ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა ქართული ოცნების მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას“.

კეზერაშვილის თქმით, კარგად ესმის, რომ „რუსეთის დანაშაულებრივი ხელისუფლების და მათი მარიონეტების“ მტერია.

„შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად ,,დაპატიმრების” ამბავი. ე.წ. საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რომ რუსეთის დანაშაულებრივი ხელისუფლების და მათი მარიონეტების მტერი ვარ და ასეთად დავრჩები მომავალშიც.
საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და განეიტრალებას. აღძრეს არაერთი საქმე საქართველოში. აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს ,,უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად.
საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა ქართული ოცნების მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას.
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ყველა ეს მცდელობა ამაოა. თავისუფალი სამყარო აუცილებლად გაიმარჯვებს“, – წერს კეზერაშვილი.

რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილზე რუსმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. მათივე ცნობით, მოსკოვის სასამართლომ კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობას.