„კოალიციამ ცვლილებისთვის” ლიდერებმა დააანონსეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ღამეს გაათევენ.
„ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. 24 საათი ეს აქცია იდგება აქ, ვინ არის თანახმა თქვენ შორის, რომ არ შეუშინდეს დაჭერას, არ შეუშინდეს სიცივეს, არ შეუშინდეს რუსულ რეჟიმს, იმიტომ, რომ ეს სამშობლო ჩვენია.
მოძრაობა არ იქნება, ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება, არც სხვა მაგისტრალებზე, ნელ ნელა მაგრამ მიზანმიმართულად დაგეგმილად მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენ ქვეყანას, ეს ქვეყანა ჩვენია, ყველას ძალიან დიდი ბოდიში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველზე მყოფ ხალხს მათთან შეერთებისკენ მოუწოდა.
„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ არ ვაპირებთ ოცნების დღის წესრიგით სიარულს, ასევე, ჩვენ არ ვაპირებთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს, ჩვენ ვართ არაძალადობრივი მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა.
ამიტომ ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის რუსთაველზე მყოფ ხალხს, ვაცნობებთ მათ, რომ აქ ვჩერდებით თსუ-სთან დღეს გავათევთ ღამეს, 24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები არჩევნები რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
როგორც „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, დღეიდან, საღამოს 8 საათიდან, 24 საათის განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება.
„ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე, გადავდივართ იმ ეტაპზე , რასაც ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი გვკარნახობს, არალეგიტიუმურ ხელისუფლებას არ აღიარებს ხალხი, არალეგიტიმურ ხელსისუფლებას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში…
„24 საათის განმავლობაში, ხვალ საღამოს 8 საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას ვრჩებით აქ, უნივერსიტეტის წინ, დანარჩენი, შემდგომი განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ამ მოწოდებას უერთდებიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც.