კობახიძის თქმით, მომავალ ორშაბათს, 25 ნოემბერს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ ორშაბათს, 25 ნოემბერს, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

„მომავალ ორშაბათს, საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტს უნდა წარვუდგინოთ სამთავრობო 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული.

ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც არის ასახული სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს“, – განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

ცვლილების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე განაგრძობს მუშაობას.

კულტურის სამინისტროს – თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.