სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ფარული მიყურადების ფაქტზე 1991 წელს დაბადებული კაცი ამხილეს.
კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, თბილისში, ბრალდებულმა კაცმა ცოლთან უთანხმოების გამო, მისი გაკონტროლების მიზნით, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ტელეფონის დამტენის ფორმის ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დენის წყაროსთან დააკავშირა.
საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ამ მოწყობილობის დახმარებით კაცი თავისი მობილური ტელეფონიდან ფარულად გადაღებულ კადრებს პერიოდულად ნახულობდა და კომპიუტერში ინახავდა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა საძინებელი ოთახის ჭერში ფარულად აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის ჩანაწერებსაც ასევე ინახავდა მეხსიერების ბარათზე.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაზარალებულმა ქალმა მიმართა, რის შემდეგაც, უწყების ცნობით, ამოიღეს ფარული ჩამწერი მოწყობილობები და მათში არსებული მეხსიერების ბარათები.
ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღეს მისი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ნახეს ფარული აპარატურის მიერ ჩაწერილი აუდიო და ვიდეო მასალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა.
დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.