„გელოდებით უნივერსიტეტში მთელი ღამე" - სტუდენტების პროტესტს ზუგდიდშიც უერთდებიან

პუბლიკა

სტუდენტების პროტესტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილიც უერთდება – ისინი დღეს უნივერსიტეტში ღამეს გაათევენ და შეერთებისკენ მოუწოდებენ სხვა სტუდენტებსაც.

„შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გვსურს, საჯაროდ და მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი განცხადება. ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმებისთვის ტოტალურად გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ და სრულიად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას. მხარს ვუჭერთ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ ერიდებიან გამოხატონ პოზიცია და აცნობიერებენ, რომ მათი ხმა უნდა ისმოდეს არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ქართველ სტუდენტებს აქვთ პასუხისმგებლობა, იცხოვრონ უკეთეს მომავალში, სადაც მათი არჩევანი იქნება გადამწყვეტი, მათი უფლებები კი დაცული. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მონაწილეობა საზოგადოებრივ აქტივობებში, რათა დავიცვათ ის პრინციპები, რომლებიც ნამდვილად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებასა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას.

უნივერსიტეტი ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ბირთვი, სადაც შეიკრიბა საქართველოს გამჭრიახი, კრიტიკული აზროვნების ნაყოფიერი გონება. დღეს კი ეს უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თავისუფალი აზრისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩანერგვა ხდება. ვაგრძელებთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მივმართავ სხვა სტუდენტებს, შემოგვიერთდით, რადგან თქვენი აქ ყოფნა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. გელოდებით უნივერსიტეტის შენობაში მთელი ღამის განმავლობაში”, – აღნიშნეს სტუდენტებმა.