რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია თანამდებობას ტოვებს. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ გადადგომის გადაწყვეტილება ბჟანიამ მიიღო „ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად“. ბჟანიასთან ერთად თანამდებობას ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბიც ტოვებს.
ე.წ. პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ადგილობრივი ოპოზიციის მხარდამჭერებმა სამშაბათს ყველა „სამთავრობო“ შენობა უნდა დატოვონ. თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას გადადგომის შესახებ. აფხაზეთის „პარლამენტი“ გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს განიხილავს.
პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვალერი ბგანბა იქნება.
საპროტესტო აქციები ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების“ ფონზე დაიწყო, რომლის რატიფიცირებაც ე.წ. პარლამენტში 15 ნოემბერს უნდა მომხდარიყო. ამ შეთანხმების თანახმად, რუსულ კომპანიებს შეეძლოთ საინვესტიციო პროექტების განხორციელება აფხაზეთში. „ოპოზიციამ“ და ადგილობრივებმა „სამთავრობო შენობების კომპლექსის“ ღობის ნაწილი დაანგრიეს და ე.წ. პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. „ოპოზიციამ“ ბჟანიას გადადგომა მოითხოვა.