აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ს ეზოში შევიდა - სტუდენტები სამუშიას მიმართავენ

პუბლიკა

დილით თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის დაშლის დაწყებამდე, საპოლიციო ძალების ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში განლაგდა. სტუდენტები ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას განმარტებას სთხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ევროპული ხიდი” ავრცელებს განცხადებას და მოუწოდებს სამუშიას ამაზე „პასუხისმგებლობა” აიღოს.

„ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, რისთვისაც ის პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხს აგებს, თუმცა ამ ყველაფერში ყველაზე შემზარავი ის გარემოებაა რომ, მაშინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი დახურული იყო სტუდენტებისთვის, ის გაიღო ძალოვანი უწყებებისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ არსობრივად შეისისხლხორცა რუსული რეჟიმი, რის ინსტრუმენტადაც უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც იყენებს.
ნებისმიერი ტიპის განცხადება უკვე დაგვიანებულია, თუმცა ვითხოვთ მყისიერ განმარტებას ივანე ჯავახიშვილის გზას აცდენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან და მოვითხოვთ უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, სასწრაფოდ აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე და დღესვე დატოვოს დაკავებული თანამდებობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე წერს, რომ თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს შორის არსებული შესასვლელი ჭიშკარი ბოლო დღეებში დაკეტილი იყო. „პუბლიკა” ინფორმაციის გადასამოწმებლად და კომენტარის მისაღებად ჯაბა სამუშიასთან ცდილობს დაკავშირებას.


საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.

დაარტყეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია. მას თვალსა და ტუჩის არეში ჩალურჯებები აქვს.

პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი დაახლოებით დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა.

ჯამში, შსს-მ 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.