სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დაშლას, რომლის დროსაც პოლიციამ ძალა გამოიყენა და დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე, იყო ჟურნალისტზე ძალადობისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის შემთხვევაც.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მოქალაქეების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებაა დაიცვან თავიანთი საარჩევნო უფლება მშვიდობიანი შეკრების გზით.
SJC წერს, რომ შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ არსებობდა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების ლეგიტიმური მიზანi, ამ შემთხვევაში ვერ გამოდგება აქციის დაშლის საფუძვლად.
„სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის ინტერესი ვერ გადაწონის არჩევნების დაცვის საბაზისო ინტერესს მაშინ, როდესაც შეკრება მშვიდობიანია.
შსს-ს განცხადების საპასუხოდ აღვნიშნავთ, რომ ვერც ერთი სახელმწიფო უწყება ვერ განსაზღვრავს რა დროა საკმარისი „საკუთარი აზრისა და პროტესტის დასაფიქსირებლად”, რადგან შეკრების ფარგლებში პროტესტის ადგილის, დროისა და გამოხატვის ფორმის შერჩევა, მათ შორის, კარვისა და დროებითი კონსტრუქციების გამოყენება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამასთან, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისას, შესაძლოა როგორც ავტოსაგზაო მოძრაობის, ასევე მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის შეფერხება”. – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს დასაპროტესტო აქციები არც ერთ შემთხვევაში არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს და ჰქონდა არაძალადობრივი შინაარსი. აქციებში, მათ შორის, მონაწილეობდნენ ხანდაზმული და არასრულწლოვანი მოქალაქეები.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საუბრობს აქციის გაშუქების დროს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეზე ძალადობასა და მის დაკავებაზე – ბარამიძეს აქვს დაზიანებები.
„ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისევე, როგორც პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომლის გამოძიების ვალდებულებაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე”. – აცხადებს SJC.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 19 ნოემბრის დილას ჯამში დააკავეს 16 მოქალაქე, რომელთაგან 12 კვლავ რჩება ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ამბობს, რომ ამ დროსთვის მიმდინარეობს დაკავებულთა ადგილმდებარეობის დადგენის პროცესი და ყველა მათგანს გაეწევა სამართლებრივი დახმარება.
ამასთან, მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- მისცენ საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი შეკრების უფლება და ხელი არ შეუშალონ, რომ თავად შეარჩიონ შეკრების ადგილი, გამოხატვის ფორმა და საშუალება, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით;
- უარი თქვენ პროტესტის მონაწილეთა თვითნებურ დაკავებაზე და ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლონ დაკავებული პირები;
- ზედმიწევნით დაიცვან სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი და პროცედურები და უარი თქვან უკანონო ბრძანების შესრულებაზე.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
- დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე და ამ მიზნით, დროულად ამოიღოს შემთხვევის ადგილზე არსებული სამეთვალყურეო კამერებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერების ჩანაწერები, ასევე, დროულად გამოკითხოს ფიზიკური დაზიანების მქონე მოქალაქეები და დაუყოვნებლივ დანიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა;
- განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრას ჟურნალისტზე ანგარიშსწორებისა და ცემის ფაქტს და სასწრაფოდ მოახდინოს ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია და მათ მიმართ სათანადო საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება.