თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დუმილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსის ჩაკეტვა სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის და მისი გახსნა საპოლიციო ძალებისათვის, საიდანაც ისინი გვარბევდნენ სტუდენტებსა და აქციის სხვა მონაწილეებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსი არის გადაქცეული ძალოვანი სტრუქტურების შტაბად, რაც არის უნივერსიტეტის უდიდესი შეურაცხყოფა. დღეს ძალოვნები (პოლიციელები და შავებში გადაცმული ხალხი, რომლებიც ვერ გვიმხელენ ვინაობას) დგანან უნივერსიტეტის პირველ კორპუსსა და ეზოს ტერიტორიაზე.
შენობაში უშვებენ მხოლოდ მათ, ვისი სიაც აქვთ ხელთ. ჩვენთვის გაურკვეველია, როგორაა შედგენილი აღნიშნული სია, რამეთუ სტუდენტების ნაწილს სიაში გადამოწმების გარეშე უშვებენ შიგნით, ხოლო ნაწილს, ასევე სიაში გადამოწმების გარეშე უკეტავენ უნივერსიტეტის კარს.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, რომელსაც ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. ვითხოვთ ჯაბა სამუშიას გადადგომას.”
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შედიან თსუ პირველ და მეორე კორპუსებს შორის არსებულ ჭიშკარში სპეცრაზმელები (სავარაუდოდ, გამთენიისას) და იკავებენ უნივერსიტეტის ტერიტორიას.
დღეს განმავლობაში სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გავრცელდა, როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას განმარტებას სთხოვდნენ.
„პუბლიკა” ინფორმაციის გადასამოწმებლად და კომენტარის მისაღებად ჯაბა სამუშიასთან ცდილობს დაკავშირებას.