სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა მედიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, – წერია განცხადებაში.
საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.
დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს „მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია. მას თვალსა და ტუჩის არეში ჩალურჯებები აქვს.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესაც. პოლიცია გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდა Netgazeti-ს კორესპონდენტ გივი ავალიანს.
19 ნომებერს პოლიციამ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილით გათავისუფლდა.