„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლო მათ საჩივარს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ამჯერადაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
ორგანიზაცია ამბობს, რომ სასამართლო ხვალ, 12:00 საათზე განიხილავს საჩივარს მხარეთა დასწრების გარეშე. საიას თქმით, დამატებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ზეპირ სხდომაზე საქმის განხილვა, რადგან ორგანიზაციის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა განიხილოს ახალი შუამდგომლობებიც, რისთვისაც მხარეთა მოსაზრებების მოსმენაც მნიშვნელოვანია.
„გარდა ამისა, მხარეთა შორის სადავოა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. საჩივარი თავისი შინაარსის და სპეციფიკის გათვალისწინებით შეეხება კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას. ვინაიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ ინსტანციას საარჩევნო დავების მიზნებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, მხარეებს ზეპირ სხდომაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
საია საჩივრით დამატებით ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან“, – წერს ორგანიზაცია.
19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა. საიამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა დროებითი განჩინების მიღება. განჩინებით ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან.